Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრძელდება თანამშრომლობა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილეები - ირმა ხარშილაძე და გიორგი დგებუაძე, პროფ. პაატა ტურავა თსუ-სა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი სასწავლო პროგრამა DESK-ის ფარგლებში, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებს - თეოხარის გრიგორიადისს, ოლაფ მუთჰორსთსა და DESK-ის ტუტორს - თამარ ერგემლიძე შეხვდნენ.

 

2023 წლიდან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ინტერდისციპლინური პროგრამა - „გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება“ (Deutschland in Südkaukasus: Institutionen & Entwicklung (DESK)). პროგრამას ხელმძღვანელობს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტის პროფესორი თეოხარის გრიგორიადისი.

 

პროგრამის მეშვეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში, თბილისში, გერმანულ ენაზე გიარონ ინტერდისციპლინური სწავლება, დაეუფლონ კულტურათაშორის კომპეტენციებს და გაიმყარონ ცოდნა გერმანიის პოლიტიკისა და ეკონომიკის გერმანულ ენაზე შესწავლით. პროგრამა სრულად დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ.

 

პროგრამის პირველი ნაწილი (მოდული „A“) მოიცავდა „გერმანიის პოლიტიკური ეკონომიკის“ სალექციო კურსსა და სემინარებს (პროფ. თეოხარის გრიგორიადისი და ანდრეა ვაისი); გაზაფხულის სემესტრიდან კი პროგრამის „B“ და „C“ მოდულების ფარგლებში მიმდინარეობს კურსები: „მსოფლიო ეკონომიკა და გერმანიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები - ლექციები და ტუტორიუმი“ (პროფ. თეოხარის გროგორიადისი; თამარ ერგემლიძე); საერთაშორისო სისხლის სამართლის საფუძვლები ინგლისურ ენაზე (პროფ. გიორგი დგებუაძე); „სამართლის მეთოდები - სალექციო კურსი და სემინარი“ (პროფ. ოლაფ მუთჰორსთი; თამარ ერგემლიძე).

 

გარდა პროგრამა DESK-ისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გაზაფხულის სემესტრში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე შემოთავაზებულია ინტენსიური კურსი სამოქალაქო სამართალში - „გერმანული სასამართლო პრაქტიკა 2023 წელს“; კურსს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფ. ოლაფ მუთჰორსთი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და დოქტორანტი მარიკა ტურავა უძღვებიან.

 

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები ერთობლივი პროგრამების ფარგლებში ინტენსიური სალექციო კურსების ჩატარების მიზნით იმყოფებოდნენ თბილისში. იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას მათ განიხილეს მიმდინარე პროექტების წარმატებული შედეგები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.

თარიღი: 16/04/2024